ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

წელის ქვედა ნაწილის პერსისტენტული ტკივილი

დისკოგენური პათოლოგიის დროს ჩვეულებრივ ვლინდება წელის ქვედა ნაწილის ტკივილი, რომელიც უარესდება აქსიალური დატვირთვისას (დგომა ან ჯდომა) და უმჯობესდება დაწოლისას. ტკივილი ხშირად გადაეცემა პარასპინალურ კუნთებში, დუნდულებში და ბარძაყების უკანა მხარეს. იშვიათად, შესაძლოა არსებობდეს ასოცირებული ტკივილი დერმატომების გასწვრივ ან საზარდულში ან ფერდებში.

სიმპტომების განვითარება ხერხემლის მოხრისას და ტკივილის შემსუბუქება გაშლისას დაკავშირებული იყო დისკის დეგენერაციულ დაავადებასთან ხერხემლის სხვა პათოლოგიების არარსებობისას.

შეიძლება იყოს მწვავე ტკივილის ან ტრავმის წინა ეპიზოდი.

ფეხის რადიკულური ტკივილი

ფეხის რადიკულური ტკივილი ნერვების ფესვების კომპრესიის შედეგია. შესაძლოა იცვლებოდეს მსუბუქი მუდმივი ტკივილიდან აუტანელ ტკივილამდე დაზიანებული ნერვის ფესვის კანზე განაწილების გასწვრივ.

აქტივობასთან დაკავშირებული სიმპტომები

ტკივილი უარესდება მოძრაობით და იხსნება დასვენებით (აქტივობასთან დაკავშირებული).

დეგენერაციული პათოლოგია ხშირად ვლინდება ფუნქციის და აქტივობის შეზღუდვით. შესაძლოა გავლენა იქონიოს ყოველდღიურ საქმიანობაზე და გადაგრეხვის ან მოხრის შემთხვევაში სიმპტომები გაუარესდეს.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

მოძრაობის შეზღუდვა წელის არეში

მტკივნეული დეგენერაციული პათოლოგიაა, შესაძლოა დაკავშირებული იყოს პარასპინალური კუნთების სპაზმთან. ხერხემლის მოძრაობის დიაპაზონი შესაძლოა შეზღუდული იყოს.

იშვიათი

გამართული ფეხის აწევის ტესტი

თუ გაშლილი ფეხის პასიური აწევით ვითარდება ტკივილი (ლეზეგის დადებითი ნიშანი), ის მიუთითებს ნერვის ფესვის კომპრესიულ ან ანთებით პათოლოგიაზე.

დისკის მწვავე პროლაფსმა შესაძლოა გამოიწვიოს მამოძრავებელი სეგმენტის დეგენერაცია.

ნევროლოგიური დეფიციტი (ფეხის სისუსტე, მგრძნობელობის დაკარგვა, შარდის ბუშტის და ნაწლავების სიმპტომები)

ნევროლოგიური დეფიციტი დაკავშირებულია ნერვის ფესვის დისფუნქციასთან და/ან ცხენის კუდის სინდრომთან. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს მძიმე დეგენერაციული ცვლილებებით, თუმცა ეს იშვიათია.

რისკფაქტორები

ძლიერი

ხანდაზმული ასაკი

დისკის დეგენერაციის რადიოლოგიური დადასტურება ცხოვრების მესამე დეკადაში ვლინდება. დაავადების პრევალენტობა და კლინიკურად მძიმე პაციენტთა მაჩვენებელი ყოველწლიურად 3-4%-ით იზრდება.[13][14] თუმცა, პირდაპირი კორელაცია სიმპტომებსა და რადიოლოგიურ მონაცემებს შორის არ ვლინდეაბ.

დისკის სიმაღლის შევიწროვება, დისკის ჰიდრატაციის დაკარგვა, ძვლოვანი წანაზარდების და რეაქტიული ფირფიტოვანი (მოდიკური) ცვლილებების დაფიქსირება ყველაზე ხშირი გამოვლინებებია.[36] ფასეტის სახსრის დეგენერაცია დისკის დეგენერაციას რამდენიმე დეკადით ჩამორჩება.[37] რგოლოვანი დეგენერაცია აქვეითებს დიკსის უნარს გამოავლინოს მდგრადობა ბრუნვითი მოძრაოებების დროს და უჩვეულო ზეწოლას იწვევს ფასეტის სახსრებზე.[38] დროთა განმავლობაში მოძრავი სეგმენტი არასტაბილობის ფაზიდან რესტაბილიზაციის ფაზაში გადადის.

გენეტიკური გავლენა

ლიტერატურული წყაროები მიუთითებს, რომ გენეტიკური გავლენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სპორტული აქტივობის, ჯდომის ჩვევის ან გარემო ფაქტორების მექანიკური ეფექტები.[20] გაერთიანებულ სამეფოში ტყუპებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ერთ ტყუფისცალთან დისკის დეგენერაციის არსებობისას, მეორე ტყუპისცალთან მისი არსებობის ალბათობა მონოზიგოტურ ტყუპებში უფრო მაღალია (OR 6), ვიდრე დიზიგოტურ ტყუპებში (OR 2.2).[39]

გენები, რომლებიც ჩართულია დისკის დეგნერაციაში მოიცავს გენებს, რომლებიც აკოდირებენ I, IX, XI კოლაგენებს, ინტერლეიკინ 1-ს, აგრეკანს, D ვიტამინის რეცეპტორებს, MMP-3-ს და ხრტილის შუალედური შრის ცილას.[40][41][42]

გარემო ფაქტორები (ჭარბი ღერძული დატვირთვა, ვიბრაცია ტრანსპორტირებისას)

გამოვლინდა კავშირი პროფესიით განპირობებულ პოზიციებსა და უჩვეულო დატვირთვით გამოწვეულ ზეწოლას და აწევით მოძრაობებს შორის.[19] განსაკუთრებით საშიშია ვიბრაციული აღჭურვილობის გამოყენება.[36] ერთმანეთს შეადარეს 40-45 წლის მძღოლებს, დურგლებსა და ოფისის თამშრომლებს შორის მრტ კვლევით დაფიქსირებული დისკის დეგენერაციის შემთხვევები. გამოვლინდა, რომ წელის დაზიანებები კავშირშია მძღოლობასთან.[43] ხანგრძლივმა კვლევამ აჩვენა, რომ დისკის განლევა და სპონდილოფიტების ფორმირება რკინა-ბეტონზე მომუშავეებსა და სახლის მღებავებში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით სულ მცირე, ერთი დეკადით ადრე ვლინდებოდა. აღნიშნული მიუთითებს, რომ ფიზიკური შრომა დეგენერაციის პროცესს აღრმავებს, რა დროსაც აწევითი და პოზიციური დატვირთვა დამატებით გარემო ფაქტორებს წარმოადგენს.[44]

თამბაქოს მოხმარება

მოწევა სხვადასხვა მექანიზმით გავლენას ახდენს მალთაშორის დისკებზე. ნიკოტინით გამოწვეულმა ვაზოკონსტრიქციამ შესაძლოა გამოიწვიოს იშემია, რაც დისკში ნუტრიციულ ცვლაზე გავლენას ახდენს.[45] დისკების არასაკმარისი კვება შესაძლოა კარბოქსიჰემოგლობინით ინდუცირებულმა ჟანგბადის ნაკლებობამ განაპირობოს.[46] კვამლის კონდენსატი პირდაპირ გავლენას ახდენს რგოლოვანი უჯრედების მეტაბოლიზმზე.

ექსპერიმენტებმა აჩვენა ანთებითი რექცია, აპოფთოზი და მეტალოპრეტეინაზების გენების დასუსტება, რაც მატრიცის დაქვეითებულ სინთეზს და სტრუქტურული გენების ექსპრესიას იწვევს.[45][47] დისკის მაკრომოლეკულების არასწორი სინთეზი და დისკის მატრიცის მეტალოპროტეინაზებსა და მათ ინჰიბიტორებს შორის ბალანსის დარღვევა შედეგად არავასკულური დისკის უჩვეულო ვასკულარიზაციას იწვევს.[47] ვლინდება, რომ პასიური მოწევა გენების ექსპრესიას იწვევს, რაც ჰისტოლოგიურ ცვლილებებს განაპირობებს.[48] შვედეთის ხერხემლის პათოლოგიების რეგისტრის მიხედვით მწეველებში ქირურგიული მკურნალობის შედეგები ნაკლებად სახარბიელოა, ჯანმრთელობის ხარისხი დაბალია, ანალგეტიკების და შებოჭვის ინჰიბიტორების გამოყენების საჭიროება უფრო ხშირია.[49]

ფასეტის სახსრის ტროპიზმი და ართრიტი

ფასეტის სახსრები დიართროიდული სახსრებია. სხვა დიართროიდული სახსრების მსგავსად მათ ახასიათებთ ისეთი ოსთეოართრიტული ცვლილებები, როგორიცაა სასახსრე სივრცის შემცირება, ხრტილის განლევა, სუბქონდრული სკლეროზი და ოსტეოფიტების ჩალაგება. ეს ცვლილებები შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტკივილთან. ფასეტის სახსრებში ართრიტის ინციდენტობა ასაკთან ერთად იზრდება და ქვედა ლოკალიზაციებზე უფრო ხშირია.[50][51]

ფასეტის ართრიტის შემთხვევაში დისკის დეგენერაციის რისკი იზრდება. ართრიტი ცვლის სახსრების განლაგებას უფრო საგიტალური კუთხის წარმოქმნით.[52] ეს მოძრავი სეგმენტის უჩვეულო, ანომალიურ მოძრაობას განაპირობებს.

ფასეტის სახსრის მარჯვენა და მარცხენა მხარეებს შორის ასიმეტრიას ფასეტის ტროპიზმი ეწოდება. აღნიშნული იწვევს უჩვეულო მოძრაობას, რაც შემდგომში ხელს უწყობს დისკის დეგენერაციას. დისკის პროლაფსის ტიპზე გავლენას ახდენს დატვირთვის ხასიათიც.[53]

მენჯის ანომალიური მორფოლოგია

მენჯის ფორმა და მორფოლოგია განსაზღვრავს მის უნარს მთელი ხერხემლის სვეტის ცვლილებების კომპენსირება მოახდინოს. შესაძლებელია გაიზომოს გარკვეული პარამეტრები, რომელთაგანაც ზოგიერთი პათოლოგიურ სიტუაციებში ნორმიდან გადახრილია.[54] აღნიშნულს მიეკუთვნება მენჯის დონე, გავის დახრა, მენჯის გადახრა და წელის ლორდოზი. მენჯის დონე ერთადერთი პარამეტრია, რომელიც ზრდასრული ცხოვრების მანძილზე მუდმივია და აქტივობების დროს მენჯის პოზიციის ცვლილებისას ან თანმდევი ბარძაყის თუ წელის პათოლოგიის დროს არ იცვლება. ის ჩვეულებრივ 60 გრადუსია. ჯანმრთელ ადამიანებში წელის ლორდოზი მენჯის დონის 9 გრადუსის ფარგლებშია. ნორმაზე დაბალი მენჯის დონე პათოლოგიის დროს მენჯის მიერ კომპენსირების უნარის დაქვეითებას განაპირობებს. კომპენსაცია შესაძლოა გაიზომოს პარამეტრებით, როგორიცაა გავის დახრილობა და მენჯის გადახრა.

საგიტალური განლაგების ცვლილება

საგიტალური განლაგება რადიოლოგიურად ვერტიკალური ხაზის მეშვეობით C7 მალის სხეულის ცენტრიდან და გავის უკანა ზედა კუთხიდან შეიძლება გაიზომოს. მონაცემი დადებითია, თუ ხაზი არის გავის წინ და უარყოფითია, თუ ხაზი არის უკან. საგიტალური განლაგების ცვლილებები, რაც გავის წინ ხაზის ≥8 სანტიმეტრით გადახრას განაპირობებს, იწვევს სიმპტომებს.[55] მენჯის დაბალმა დონემ და გავის დაბალმა დახრილობამ შესაძლოა მალთაშუა დისკის გადატვირთვა და დისკის სიმაღლის დაკარგვასთან ერთად წელის ლორდოზი გამოიწვიოს. და პირიქით, მენჯის მაღალი დონე, გავის მაღალი დახრილობა და წელის მაღალი ლორდოზი ტვირთავს ფასეტს გაცილებით მეტად და "იცავს" დისკს დეგენერაციისგან.

სუსტი

სიმსუქნე

სიმსუქნე ზრდის დატვირთვას და ხელს უშლის ხერხემლის სვეტის და ზურგის გამშლელი კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას.[20] სხეულის მასის ინდექსი >25 მაღალ რისკს წარმოადგენს დისკის დეგენერაციისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა პაციეინტებში.[56]

შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტი სისტემური მულტიორგანული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ძვლებს, ხრტილებს და შემაერთებელ ქსოვილს. ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა მოგვცა დისკის დეგენერაციის ჰიპოთეზური მექანიზმი: ვითარდება ხერხემლის პულპოზური ბირთვის უჯრედების ნაადრევი და ჭარბი აპოფთოზი, რაც იწვევს ფიბროზული ხრტილის ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ იწვევს ადრეულ დეგენერაციას.[57] დიაბეტის მქონე ადამიანები დისკის დეგენერაციისა და ხერხემლის სტენოზის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ჩვეულებრივი პოპულაცია.[58] თუმცა, მონოზიგოტური ტყუპების კვლევამ, რომლებიც დისკორდანტულნი არიან ინსულინ-დამოკიდებული დიაბეტის მიმართ, უარყო ეს კავშირი.[59]

ათეროსკლეროზი

აორტის ათეროსკლეროზი იწვევს სისხლის ნაკადის შემცირებას, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. კავშირი ათეროსკლეროზსა და დისკის დეგენერაციას შორის სუსტია.[60] მნიშვნელოვანი კავშირი დადგინდა კტ გამოსახულებებზე გამოვლენილ აორტის კალციფიკაციასა და წელის ტკივილს შორის. თუმცა, არ არსებობს კავშირი კალციფიკაციის დონესა და დეგენერაციის სიმძიმეს შორის, რაც კტ დისკოგრაფიის დროს გამოვლინდა.[61] შრატში ლიპიდების მაღალი დონე დისკის სიმპტომური დეგენერაციის პროგნოზული ფაქტორია.[14][60]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას