ეპიდემიოლოგია
მიუხედავად იმისა, რომ 1960-იან წლებამდე T-2 მიკოტოქსინი არ იყო აღმოჩენილი, პირველი ეპიდაფეთქება დაფიქსირდა რუსეთში, ორენბურგში, 1940-იან წლებში.[4] მეორე მსოფლიო ომის გამო ხორბლის მოსავალი გვიან აიღეს და არასწორად ინახავდნენ. საკვები არასაკმარისი რაოდენობით იყო ხელმისაწვდომი, ამიტომ მოსახლეობა დიდი რაოდენობით იღებდა დაბინძურებულ საკვებს. პაციენტებში გამოვლინდა თავდაპირველი გასტროინტესტინური სიმპტომები, შემდეგ ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია ლეიკოპენიითა და ჰემორაგიით. დაიღუპა რამდენიმე ათასი ადამიანი. 1931 წელს უკრაინაში დაფიქსირდა მსგავსი დაავადება ცხენებში, რომელსაც ეწოდა ალიმენტური ტოქსიკური ალეიკია (ATA). მიკოტოქსინების გლობალური კვლევის მიხედვით, ცხოველთა საკვებში T-2 მიკოტოქსინის დეტექცია ყველაზე ხშირად დაფიქსირდა ჩრდილოეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. საკვების მიკოტოქსინით დაბინძურების მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია კლიმატი, ამინდი და სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა.[5]
T-2 მიკოტოქსინის აეროზოლის ფორმა (ეწოდება "ყვითელი წვიმა") სავარაუდოდ გამოიყენეს სამხედრო კონფლიქტების დროს ლაოსში (1975-1981), კამპუჩიაში (1979-1981) და ავღანეთში (1979-1981), რამაც რამდენიმე ათასი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.[6] თუმცა, არსებობს ვერსია, რომ ექსპოზიცია გამოწვეული იყო დაბინძურებული საკვების მიღებით და ყვითელი წვეთები რეალურად ფუტკრების ფეკალიების ნაწილაკები იყო.[4][7]
T-2 მიკოტოქსინი ასევე ითვლება "შენობის ავადმყოფობის სინდრომის" შესაძლო გამომწვევად სხვა მიკოტოქსინებთან ერთად, როგორიცაა სატრატოქსინები G, H და აფლატოქსინის პრეკურსორი - სტერიგმატოცისტინი. თუმცა, საკმაოდ რთულია შენობის შიდა გარემოში მიკოტოქსინების აღმოჩენა, ექსპოზიციის მნიშვნელოვანი დონის განსაზღვრა და რაიმეს დამტკიცება. მხოლოდ სავარაუდო კავშირზეა შესაძლებელი საუბარი.[8] ამჟამად არ მიიჩნევა, რომ ის თამაშობს მიზეზობრივ როლს ამ ფენომენისთვის.[9]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას