მიდგომა

მიკოტოქსინებთან ექსპოზიციის იდენტიფიცირება საჭიროებს ექსპოზიციის შესაძლო გზების ცოდნას და ძირითადი ნიშნებისა და სიმპტომების ამოცნობას. ექსპოზიციის შემდეგ არასასურველი ეფექტების გამოვლენის ალბათობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა დოზა და ხანგრძლივობა.

იმ შემთხვევაში, თუ ეჭვია მიკოტოქსინზე (ქრონიკული საკვებისმიერი შემთხვევების გარდა), კლინიცისტებმა უნდა შეატყობინონ ეს ადგილობრივ ან ეროვნულ ორგანოებს. ტოქსიკოზედახმედველობის მიზნით ასევე რეკომენდებულია ტოქსიკოლოგიის რეგიონული ცენტრის ინფორმირება.

დეკონტამინაცია და პირადი დაცვის საშუალებები (PPE)

აეროზოლის ექსპოზიციის შემთხვევაში, პირველი სამედიცინო დახმარების პერსონალმა უნდა ატაროს პირადი დაცვის საშუალებები (ტანსაცმელი და ნიღაბი) და დაიწყოს მიმდებარე არეალის ევაკუაცია.[20][21][22] აეროზოლიზებული მიკოტოქსინებით მოცული დაბინძურებული არე სავარაუდოდ, მცირე სივრცეს მოიცავს. გამფილტრავი ნიღაბი, რომელიც აფერხებს 3-4 მიკრომეტრი ან მეტი ზომის ნაწილაკების შეღწევას, უზრუნველყოფს სასუნთქი სისტემის დაცვას მიკოტოქსინების ექსპოზიციისაგან.

კანის ექსპოზიციის შემთხვევაში პაციენტმა დაზიანებული კანი საპნით და წყლით უნდა ჩამოიბანოს.

ანამნეზი

დიაგნოზის დადგენისათვის ძირითადი ფაქტორია T-2 მიკოტოქსინზე ექსპოზიციის ანამნეზი დაბინძურებული მარცვლეულის მიღებით და/ან წვეთების ექსპოზიცია. T-2 მიკოტოქსინის განზრახ გამოყენებაზე ეჭვი დგება, როცა პაციენტებს მწვავე რესპირატორული სიმპტომები და ბუშტუკები აქვთ, მტკივნეული გამონაყარი ვლინდება მასშტაბურად. ლაბორატორიის პერსონალი, რომელიც T-2 მიკოტოქსინზე მუშაობს, მაღალი რისკის ქვეშაა ტოქსიკურობისა და კანით გავრცელების პოტენციალის გამო; თუმცა, აღნიშნული პერსონალი, როგორც წესი, უკიდურესად მცირე მოცულობებთან (და კონცენტრაციებთან) მუშაობს და იყენებს დაცვის საშუალებებს რისკის მინიმუმამდე დაყვანისათვის. რისკის ქვეშ არის პირველად მორეაგირე პერსონალი, რომელმაც შემთხვევის ადგილზე მისვლისას არ იცის აეროზოლური ექსპოზიციის შესახებ.

სიმპტომები დამოკიდებულია ექსპოზიციის გზაზე.

  • კანით კონტაქტი: დაუყოვნებლივ ვლინდება მწველი ტკივილი და სიწითლე, ბუშტუკების ფორმირება (ექსპოზირებული ლორწოვანი გარსების ჩათვლით). სიმპტომების დაწყებამდე პაციენტმა შეიძლება გაიხსენოს მოყვითალო წვეთების ან აეროზოლის დანახვა. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს დაუყოვნებლივ ან ექსპოზიციიდან დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.[11]

  • პერორალური მიღება: ღებინება და დიარეა.

  • თვალთან ექსპოზიცია: მწველი ტკივილი, სიწითლე, მხედველობის დაბინდვა.

  • ინჰალაცია: ცხვირის გაღიზიანება და ხველა.

სისტემური სიმპტომები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი გზით ექსპოზიციის ფონზე (განსაკუთრებით ინჰალაციის შემთხვევაში). ესენია: სისუსტე, მსუბუქი ატაქსია, ჰიპოტენზია, კოაგულოპათია და სიკვდილი.

T-2 მიკოტოქსინის ქრონიკული ექსპოზიცია შეიძლება რადიაციული ავადმყოფობის მსგავსად გამოვლინდეს. ამ მდგომარეობას ეწოდება ალიმენტური ტოქსიკური ალეიკია და ახასიათებს ჰემატოლოგიური ან იმუნოლოგიური სიმპტომატიკა.

ფიზიკური გამოკვლევა

T-2 მოწამვლის ადრეული ნიშნები დამოკიდებულია ექსპოზიციის გზაზე. თუმცა, ნებისმიერი ტიპის ექსპოზიციის შემთხვევაში შესაძლებელია სისტემური სიმპტომების გამოვლენა. ყველა პაციენტი საჭიროებს ტოქსიკურობის მონიტორინგს შემდგომი 24-48 საათის განმავლობაში.

დეჰიდრატაციის ნიშნებზე გამოკვლევა უნდა ჩატარდეს იმ პირებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ღებინება და დიარეა.

რესპირატორული ნიშნები (განსაკუთრებით ინჰალაციური ექსპოზიციის დროს):

  • ცხვირის ტკივილი, რინორეა, სისხლდენა ცხვირიდან

  • სისხლიანი ნერწყვი ან ნახველი

  • ხველა (შესაძლებელია ჰემოფთიზიც)

  • ქოშინი

  • გავრცელებული მსტვინავი სუნთქვა და ხიხინი, მიუთითებს ბრონქოსპაზმისა და ფილტვის შეშუპების არსებობაზე.

კანისა და ლორწოვანის კონტაქტის ნიშნები:

  • ბუშტუკებისა და ბულოზური ერთეულების ფორმირება

  • მწველი ტკივილი

  • ნეკროზი

  • თვალზე ექსპოზიციამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა და რქოვანას დაზიანება.

გასტროინტესტინური ნიშნები:

  • ღებინება და დიარეა.[23]

უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს:

  • ტაქიკარდია

  • ჰიპოტენზია და შოკი, ტოქსინთან მძიმე ექსპოზიციის დროს

  • ძლიერი თავბრუსხვევა

  • მსუბუქი ატაქსია

  • პროსტრაცია

  • ჰიპოთერმია.

საწყისი კვლევები

ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები, როგორც წესი, არ არის ინფორმატიული T-2 მიკოტოქსინთან ექსპოზიციის დასადგენად. ადამიანის სისხლსა ან შარდში ტოქსინის დეტექციისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი ტესტები არ არსებობს. აშშ-ში ზოგიერთი კომერციული ლაბორატორია ამოწმებს მიკოტოქსინის დონეს შარდში. თუმცა, ეს ტესტები არ არის დამტკიცებული აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) მიერ და შედეგებიც გაურკვეველი კლინიკური მნიშვნელობისაა.

დიაგნოზი კლინიკურია, ემყარება ნიშნებსა და სიმპტომებს, ასევე შესაძლო ექსპოზიციის ანამნეზს.

სხვა გამოკვლევები

T-2 მიკოტოქსინის ექსპოზიციის დადასტურება შეიძლება იყოს ბიოლოგიური ან გარემოზე დაფუძნებული; ნიმუშები უნდა გაიგზავნოს რეფერალურ ლაბორატორიაში.[24] შარდის ნიმუშები შეიძლება შემოწმდეს მიკოტოქსინზე თხიერი ქრომატოგრაფიის/ელექტროიონიზაციის ტანდემური მასსპექტროსკოპიის მეთოდით.[24][25] გარემოდან აღებული ნიმუშები შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეამოწმონ ტოქსინის გამოსაკვლევად; თუმცა, კვლევის სტანდარტული მეთოდი არ არსებობს.[15][24] ეს გამოკვლევები ხშირად ადვილად ხელმისაწვდომი არ არის და მის ჩატარებას რამდენიმე დღე ან კვირა სჭირდება ხოლმე; შესაბამისად, კლინიკური ამოცნობა და დამხმარე მართვა მნიშვნელოვანია T-2 ტოქსინთან ექსპოზიციის შემთხვევების თავდაპირველი მართვისთვის.

პულსოქსიმეტრია, კაპნოგრაფია, ფილტვის ფუნქციური ტესტები (როგორიცაა ამოსუნთქვის პიკური ნაკადი და CO2-ის დონე ამოსუნთქვის ბოლოს) და არტერიული სისხლის ტესტები ინფორმატიულია მოწამვლის სიმძიმის შესაფასებლად და სასუნთქი გზების კონტროლისა და რესპირაციული მხარდაჭერის საჭიროების მონიტორინგისთვის.

სხვა გასათვალისწინებელი გამოკვლევებია:

  • გულმკერდის რენტგენი ფილტვის შეშუპების ნიშნების მქონე პაციენტებში

  • შრატში ელექტროლიტები უნდა განსაზღვროთ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული ჩივილის და შესაძლო დეჰიდრატაციის მქონე პაციენტებში

  • თავდაპირველი ბაზისური სისხლის საერთო ანალიზი და მიმდინარე მონიტორინგი ძვლის ტვინის სუპრესიის რისკის გამო

  • კოაგულოგრამა პაციენტებში, რომელთაც სისხლდენის ნიშნები აქვთ. შეიძლება ასევე დაგვეხმაროს მძიმე კოაგულოპათიის რისკის მქონე პაციენტების მონიტორინგში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას