მიდგომა

მკურნალობა დამხმარე სახისაა და მოიცავს მჭიდრო მეთვალყურეობას, რეჰიდრატაციას და ელექტროლიტური დისბალანსის შესწორებას.

ანტიბიოტიკოთერაპიამ არ აჩვენა აშკარა სარგებელი და თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტთათვის, რომლებსაც აქვთ შიგა ტოქსინის მაპროდუცირებელი Escherichia coli (STEC) O157 ინფექციები და სხვა STEC, რომლებიც აპროდუცირებენ შიგა ტოქსინს 2[35]

პაციენტებმა უნდა დაიცვან მკაცრი ჰიგიენური წესები პათოგენური E coli-თ ინფიცირების დროს, ინფექციის სხვებზე გადაცემის პრევენციის მიზნით. ჰოსპიტალიზებული პაციენტები უნდა იზოლირდნენ სხვა პაციენტებზე ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით.

ენტეროჰემორაგიული ფორმა შეტყობინებადი დაავადებაა, შესაბამისად, ნებისმიერი შემთხვევის დროს საჭიროა ადგილობრივი ან ეროვნული ჯანმრთელობის სააგენტოს ინფორმირება. ამ გზით ჩვენ ხელს ვუწყობთ საკვები წყაროების იდენტიფიცირებას და მოშორებას სავაჭრო ქსელიდან, რაც ხელს შეუწყობს ინფექციის შემდგომი გავრცელების შემცირებასა და ეპიდაფეთქების დროულ აღმოფხვრას.[31]

არაკეთილსაიმედო კლინიკური შედეგის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები

დაავადების მძიმე ფორმის და სიკვდილობის განვითრების რისკი რეჰიდრატაციის შედეგად მაღალია მცირეწლოვან ბავშვებში (<5 წლის ასაკი) და ხანდაზმულ პირებში (>60 წელი). საჭიროა ამ პაციენტების მკაცრი მონიტორინგი და უფრო დაბალი ზღვრის დაწესება ჰოსპიტალიზაციისა და სითხეებით ინტრავენური რეჰიდრატაციისთვის.

მცირეწლოვანი ბავშვები დგანან სისხლძარღვშიდა მოცულობის დაკარგვის მომატებული რისკის ქვეშ შემდეგი მდგომარეობებიდან გამომდინარე:[40]

  • მაღალი მეტაბოლური ხარისხი

  • სხეულის ზედაპირი-მოცულობის უფრო მაღალი შეფარდება

  • სხვაზე დამოკიდებულება საკვების მიღებისათვის.

იმუნოსუპრესია შეიძლება გახდეს გახანგრძლივებული ინფქეციების მიზეზი, ამიტომ მნიშვნელოვანია იმუნოკომპრომეტირებული პაციენტების მკაცრი მონიტორინგი.

რეჰიდრატაცია

პაციენტთა უმრავლესობის მკურნალობა შეგვიძლია პერორული რეჰიდრატაციული თერაპიით.[35][41] გლუკოზას შემცველი სითხეების გამოყენება უპირატესია, ვინაიდან გლუკოზა ხელს უწყობს ნატრიუმის და, შესაბამისად, წყლის შეწოვას ნაწლავის სანათურში. თავიდან უნდა ავირიდოთ კოფეინისა და რძის გამოყენება, ვინაიდან მძიმდება დიარეა.

ინტრავენური რეჰიდრატაციის ჩვენება მხოლოდ იმ პაციენტებთან გვაქვს, რომელთაც აღენიშნებათ სითხის პერორულად მიღების აუტანლობა, პერორული რეჰიდრატაციის მცდელობების მიუხედავად მოცულობის მზარდი კარგვა ან სეფსისის ნიშნები.

რეჰიდრატაციის დაყოვნება საზიანოა და განვითარებადი მსოფლიოს მასშტაბით წარმოადგენს სიკვდილობის მთავარ ხელშემწყობ ფაქტორს მალნუტრიციის შემთხვევაში ბავშვებსა და ჩვილებში.[42]

ინფექციის გავრცელების შემცირება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა გაიდლაინები ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით.[43] გაიდლაინებში აღწერილია მარტივი ინსტრუქციები დიარეით მიმდინარე დაავადებების მქონე პაციენტებისთვის:

  • თავი შეიკავეთ სხვებისთვის საკვების მომზადებისგან

  • კარგად დაიბანეთ ხელები

  • გამოიყენეთ საკუთარი ან ერთჯერადი პირსახოცი

  • გამოიყენეთ სააბაზანოს საკუთარი ნივთები და/ან კარგად გაასუფთავეთ უნიტაზი, ონკანი და კარის სახელურები

  • უზრუნველჰყავით ჰოსპიტალიზებული პაციენტების იზოლაცია და გამოიყენეთ ბარიერული კონტაქტის იზოლაციის სტრატეგიები

  • უზრუნველყავით ტანსაცმლის და/ან თეთრეულის მკაცრი დეკონტამინაცია ან გადაყრა.

საკვები რაციონის მოდიფიკაცია

არ არსებობს სპეციფიკური რეკომენდაციები საკვები რაციონის მოდიფიკაციასთან დაკავშირებით

ავადმყოფობის მიმდინარეობისას პაციენტების კვების რაციონი უნდა მოიცავდეს გლუკოზასა და ნატრიუმის შემცველ პროდუქტებს, რომლებიც ორგანიზმის რეჰიდრატაციას უწყობს ხელს. კოფეინის და რძის მიღებისგან პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს. მძიმე გასტროენტერიტმა შესაძლოა გამოიწვიოს ლაქტოზის გარდამვალი აუტანლობა.

მცირეწლოვანი ბავშვების კვება ნორმალური რეჟიმით უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა ინფექციასთან დაკავშირებული ლაქტოზის აუტანლობის გამო შესაძლოა საჭირო გახდეს ლაქტოზასგან თავისუფალი ფორმულა.[40]

ბისმუტის სუბსალიცილატი

ბისმუტის სუბსალიცილატს აქვს ტოპიკური ლორწოვანი ეფექტები. ის აგრეთვე ამცირებს სეკრეციას და უკავშირდება ბაქტერიულ ტოქსინებს. მისი საშუალებით შესაძლებელია დიარეის შემცირება და ამ მიზეზით მოიაზრება დამხმარე მკურნალობად ნებისმიერი ტიპის ინფექციის დროს, განსაკუთრებით ბავშვებში.[44][45]

ბისმუტის სუბსალიცილატი ზოგადად არ არის რეკომენდებული < 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეიეს სინდრომის რისკის გამო; თუმცა, ზოგიერთი ექიმი კვლავ სიფრთხილით იყენებს მას. რეკომენდებული არ არის <3 წლის ბავშვებისთვის და ორსული ქალებისთვის.

ანტიბიოტიკოთერაპია

როგორც წესი, E coli-ის მიერ გამოწვეული დიარეული ინფექციები ექვემდებარება დამხმარე თერაპიით მკურნალობას. თუმცა, ენტეროტოქსიგენური E Coli-ის მქონე პაციენტებში (მოგზაურის დიარეის ყველაზე ხშირი გამომწვევი) ანტიბიოტიკების შეთავაზება შესაძლებელია მძიმე შემთხვევებში სიმპტომების ხანგრძლივობის შესამცირებლად, მაგრამ მათი გამოყენება, ძირითადად, საჭირო არ ხდება.[8][32][46][47]

შერჩევის ანტიბიოტიკებია რიფაქსიმინი, აზითრომიცინი, ფთორქინოლონი (მაგ. ციპროფლოქსაცინი ან ოფლოქსაცინი) და რიფამიცინი.[47]​2018 წლის ნოემბერში, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) დაასრულა მიმოხილვა, რომელიც შეეხებოდა სისტემური და საინჰალაციო ფტორქინოლონური ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებულ სერიოზულ და პოტენციურად შეუქცევადი გვერდითი ეფექტებს. ეს გვერდითი ეფექტები მოიცავს ტენდინიტს, მყესის გაგლეჯვას, ართრალგიას, ნეიროპათიას და ძვალკუნთოვაი ან ნერვული სისტემის სხვა ეფექტებს. ევროპის სამედიცინო პროდუქტების სააგენტო იძლევა რეკომენდაციას ფტორქინოლონების მოხმარების შეზღუდვის შესახებ. მათი გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ მნიშვნელოვანი ან სიცოცხლისათვის საშიში ბაქტერიული ინფექციების დროს. ამასთან, სააგენტო გასცემს რეკომენდაციას, რომ ფტორქინოლონები არ უნდა გამოვიყენოთ მსუბუქი და ზომიერი ინფექციების დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონკრეტული ინფექციის სხვა შესაბამისი ანტიბიოტიკები ვერ ინიშნება; ფტორქინოლონები ასევე არ უნდა გამოვიყენოთ არამძიმე, არაბაქტერიული, ან თვითგანკურნებადი ინფექციების დროს. მყესის დაზიანების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ასაკოვანი პირები, თირკმელების უკმარისობით დაავადებული პაციენტები ან პაციენტები, რომელთაც გადანერგილი აქვთ პარენქიმული ორგანოები, ასევე ისინი, რომლებიც მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით.[48] გასათვალისწინებელია ფტორქინოლონების მიმართ რეზისტენტობის გაზრდა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიასა და სხვა რეგიონებში.

ანტიბიოტიკების გამოყენება E coli O157:H7-ის დროს დავის საგანია. კვლევებმა აჩვენა, რომ ანტიბიოტიკებს შეუძლიათ ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის სიხშირის გაზრდა.[49][50]​ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოების გაიდლაინები რეკომენდაციას არ უწევს ანტიბიოტიკების გამოყენებას STEC O157 და შიგა ტოქსინ 2-ის გამომყოფი სხვა STEC ინფექციის მქონე პაციენტებისთვის.[35] შიგა ტოქსინის წარმომქმნელი E Coli-ს სხვა შტამებით ინფექციების როს, რომლებიც არ გამოყოფენ შიგა ტოქსინ 2-ს, ანტიბიოტიკების გამოყენება სადავო საკითხია, ვინაიდან არ არსებობს რისკისა და სარგებლის შესახებ საკმარისი მტკიცებულებები.[35]

პერისტალტიკის შემაკავებელი საშუალებები

მიუხედავად იმისა, რომ პერესტალტიკის საწინააღმდეგო (მაგ. ლოპერამიდი) მედიკამენტები უზრუნველყოფს სიმპტომების შემსუბუქებას და ამცირებს დიარეის ხანგრძლივობას, მათი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ბაქტერიული გასტროენტერიტის დროს, ვინაიდან ისინი ამცირებს განავალში ბაქტერიების ელიმინაციას და, შედეგად, ზრდის მსხვილი ნაწლავის ტოქსიკური დილატაციის რისკს.[51]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას