მიდგომა
საკვებისმიერი E coli-ს ინფექციის კლინიკური სურათი წააგავს გასტროინტესტინური ტრაქტის სხვა ინექფციებს. დიაგნოზის დასადგენად, შესაბამისად, საჭიროა დეტალური ანამნეზის შეკრება, ვინაიდან არ არსებობს დიაგნოსტიკური ღირებულების კლინიკური ნიშნები.
განავლის კულტურით დასტურდება დიაგნოზი, ხოლო სეროტიპირება გამოიყენება კონკრეტული შტამის (მაგ. E coli O157:H7) გამოსავლენად. CDC: E. coli (Escherichia coli) – resources for clinicians and laboratories Opens in new window
ანამნეზი
E coli ინკუბაციური პერიოდი განსხვავდება ეტიოლოგიური აგენტის მიხედვით; ეს შეიძლება იყოს სულ მცირე 6-48 საათი nbspE coli (ETEC)-თვის ან 1-10 დღე (ჩვეულებრივ 3-4 დღე) nbspE coli O157:H7-თვის.[33]
პაციენტებს აღენიშნებათ გასტროენტერიტის სიმპტომები, მათ შორის დიარეა (ძირითადი სიმპტომი), მუცლის ტკივილი/დისკომფორტი, უმადობა და გულისრევა; ღებინება იშვიათია. ზოგჯერ აღინიშნება სისტემური სიმპტომები, მათ შორის ლეთარგია ან ცხელება.
ენტეროჰემორაგიული E coli (EHEC) და ენტეროტოქსიგენური E coli (ETEC)ვლინდება უფრო კონკრეტული კლინიკური ნიშნებით. ენტეროტოქსიგენური Ecoli ინფექცია, როგორც წესი, განაპირობებს ძლიერ წყლიან დიარეას, ხოლო შიგას მსგავსი ტოქსინი ენტეროჰემორაგიული E coli-ს დროს განაპირობებს სისხლიან დიარეას და მუცლის ტკივილს.[31]
ანამნეზი მნიშვნელოვანია რისკფაქტორების და გამომწვევი აგენტის იდენტიფიცირების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ საკვების მიღების ისტორია მნიშვნელოვანია, სავარაუდოდ ვერ მოახერხებთ დიფერენცირებას E coli-ით გამოწვეულ შემთხვევასა და სხვა ინფექციას შორის. საქონლის ფარშის მიღების ანამნეზი (მაგ. ჰამბურგერი) მნიშვნელოვანია, ვინაიდან არსებობს მჭიდრო კავშირი საქონლის ფარშის მიღებასა და E coli-ს O157:H7 ქვეტიპს შორის.[14]
ერთ-ერთი მეტა-ანალიზის თანახმად, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში შიგა ტოქსინის წარმომქმნელი E coli-ს შეძენის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები წყარო აღმოჩნდა საქონლის ხორცი, ხოლო წყნარ ოკეანეთის დასავლეთ ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო იყო ქათმის ხორცი.[34]
საჭიროა მოგზაურობის ანამნეზის შეკრება, რადგან E coli მოგზაურთა დიარეის ყველაზე ხშირი მიზეზია. განსხვავებები ზოგიერთი ქვეტიპის შეძენის კუთხით რეგიონულ ხასიათს ატარებს.[34] კონტაქტის ანამნეზის შეგროვება აუცილებელია ყველა პაციენტთან.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მცირეწლოვანი ბავშვები (<5 წლამდე), ხანდაზმული ადამიანები (>60 წელზე მეტი) და იმუნოკომპრომისული პირები უფრო მეტად განიცდიან კლინიკური მდგომარეობის გაუარესებას bsp E coli ინფექციის შედეგად
ფიზიკური გამოკვლევა
არ არსებობს პათოგნომური ნიშნები, რომლითაც E coli-ით გამოწვეულ გასტროენტერიტს განასხვავებთ სხვა ტიპის საკვებისმიერი ავადობებისგან.[31] ინფექციური დიარეული ავადმყოფობის დროს ფიზიკური გასინჯვით მიღებული მონაცემებიდან ყველაზე ხშირია ცხელება და არასპეციფიკური მომატებული მგრძნობელობა მუცლის არეში. აუცილებელია პაციენტების მონიტორინგი დეჰიდრატაციის ნიშნებზე და ჰემოდინამიკურ უკმარისობაზე, რაც გამოწვეულია სისხლძარღვშიდა სითხეების მოცულობის კლებით. ვლინდება ლორწოვანი გარსების სიმშრალით, კანის ტურგორის დაქვეითებით და მძიმე შემთხვევებში ტაქიკარდიითა და ჰიპოტენზიით.
ლაბორატორიული კვლევები
E coli-თ გამოწვეული მწვავე გასტროენტერიტით დაავადეული პაციენტების უმრავლესობა არ იტარებს რუტინულ ლაბორატორიულ ტესტირებას.
ხშირად გამოკვლევები საჭიროა მხოლოდ საშუალო ან მძიმე ავადმყოფობის ნიშნებისა და სიმპტომების არსებობის დროს.[35][36]
განავლის ბაქტერიული კულტურები და სეროტიპირება O157:H7 შტამზე
განავლის ბაქტერიული კულტურა უნდა ჩატარდეს გასტროენტერიტის მსგავსი პერსისტენტული სიმპტომების ან კლინიკური კრიტერიუმებით საშუალო და მძიმე მდგომარეობის შემთხვევაში. კრიტერიუმებია ცხელება, რეჰიდრატაცია ან ფონური დაავადებების არსებობა. სისტემური ტოქსიკურობის ნიშნების არსებობის ან სისხლიანი დიარეის შემთხვევაში სავალდებულოა განავლის კულტურის კვლევა.
კულტურის შედეგები ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია 2-4 დღის შემდეგ. განავლის სინჯი უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში ჰოსპიტალიზაციის პირველი 3 დღის ფარგლებში. ამ პერიოდის შემდგომ კვლევის დიაგნოსტიკური ინფორმატიულობა მნიშვნელოვნად მცირდება. განავლის რუტინული კულტურა მოიცავს სალმონელას, შიგელას, კამპილობაქტერს და შიგა ტოქსინის მაპროდუცირებელ E coli-ს. განავალს ხშირად იკვლევენ Clostridium difficile-ს ტოქსინზე შესაბამისი კლინიკური სურათის დროს.
განავლის რუტინული კულტურა ყოველთვის დადებითია E coli-ზე, რომელიც მარტივად იზრდება სტანდარტულ გარემოში და წარმოადგენს ადამიანის ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ნაწილს. ზუსტი სახეობის იდენტიფიცირების მიზნით, როგორიცაა O157:H7, განავლის კულტივირება საჭიროა სპეციალურ ნიადაგზე, როგორიცაა მაკკონკის სორბიტოლის აგარი. რეკომენდებულია განავლის ნიმუშის ერთდროიული კულტივირება O157:H7 EHEC -ზეც და არა-O157:H7 EHEC-ზეც.[37]
ენტეროჰემორაგიული E coli-ის არსებობის დადასტურება შესაძლებელია სეროლოგიური ტესტირებით შიგას მსგავსი ტოქსინების გამოსავლენად, რისთვისაც გამოიყენება, ანტი-შრატი, ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი, იმუნოფლუორესცენცია, იმუნოქიმია, ან ლატექს აგლუტინაცია. ამის გარდა, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით შესაძლებელია ხსენებული ტოქსინების წარმომქმნელი გენების იდენტიფიცირება.
სპეციფიკური შტამის იდენტიფიცირება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ვინაიდან იგი საშუალებას აძლევს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უფლებამოსილ ორგანოებს დაადასტურონ, გამოიკვლიონ და აკონტროლონ ენტეროჰემორაგიული E coli-ის ეპიდაფეთქებები.
სისხლის ანალიზები
ამბულატორიულად მიღებულ პაციენტებს სისხლის რუტინული ტესტები არ უტარდებათ. ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში მინიმუმ კეთდება სისხლის ანალიზი, თირკმელების ფუნქციის ტესტები (მოიცავს ელექტროლიტებსაც). ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის საკონტროლოდ უნდა განისაზღვროს ჰემოგლობინი, თრომბოციტების რაოდენობა და თირკმელების ფუნქცია, ვინაიდან მდგომარეობა უკავშირდება E coli O157:H7 ინფექციას.
სისხლის კულტურა საჭიროა მხოლოდ სისტემურ დაავადებაზე ეჭვის არსებობის დროს (ე.ი. ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, ცხელება) ბაქტერემიის გამოსარიცხად.
ანთებითი პასუხის და პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების მონიტორინგისთვის გამოიკვლევა ანთების მარკერები, როგორებიცაა C რეაქტიული ცილა და ერითროციტების დალექვის სიჩქარე, თუმცა აღნიშნული სტრატეგიის მიზანშეწონილობის და საჭიროების შესახებ მტკიცებულებები არ არსებობს.
გამოსახულებითი კვლევები
მუცლის რადიოგრაფია უნდა ჩატარდეს მძიმე ტოქსიკური ნიშნების მქონე პაციენტებში (ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, ცხელება ≥38°C [100.5°F]). მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნიათ დიაგნოსტიკური ღირებულება, რადიოგრაფიული გამოკვლევები გვეხმარება მსხვილი ნაწლავის ანთების შეფასებაში და ტოქსიკური დილატაციის ან ნაწლავების პერფორაციის გამორიცხვაში.
მძიმე პაციენტებში მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიის განხორციელება საჭიროა სეფსისისა და დიარეის უფრო მძიმე მიზეზების (მაგ. დივერტუკულური აბსცესი, ნაწლავების პერფორაცია) გამოსარიცხად.
ენდოსკოპია
ენდოსკოპიით ხშირად ვლინდება მსხვილი ნაწლავის ანთება, თუმცა ამ მახასიათებელს დიაგნოსტიკური ღირებულება არ გააჩნია. კულტურის კვლევის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ან მიუხედავად კონსერვატიული მართვისა მუდმივი დიარეის არსებობის დროს, რეკომენდებულია კონსულტაცია გასტროენტეროლოგთან კოლონოსკოპიის მიზანშეწონილობის შესახებ, რათა გამოირიცხოს დიარეის სხვა მიზეზები (მაგ. ნაწლავების ანთებითი დაავადება, ფსევდომემბრანული კოლიტი). სიგმოიდოსკოპია საკმარისია ლორწოვანი გარსის ვიზუალიზაციისა და ქსოვილის ბიოფსიისათვის.
საშუალო და მძიმე ხარისხის კოლიტის დროს, ძირითადად, ექიმები თავს იკავებენ კოლონოსკოპიის ჩატარებისგან პერფორაციის რისკის გამო. კოლონოსკოპიის შესრულების შესახებ გადაწყვეტილება გასტროენტეროლოგთან კონსულტაციის შედეგად უნდა მივიღოთ.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას