ეპიდემიოლოგია

Escherichia coli, როგორც წესი, ნორმალური ფლორის ნაწილია და განავლოვან მიკროგარემოში მნიშვნელოვანი კონცენტრაციით არის წარმოდგენილი  E coli-ის პათოგენური ფორმები დაკავშირებულია ნაწლავგარე ინფექციებთან (როგორიცაა საშარდე გზების ინფექციები და პნევმონია).

E coli - ის სხვადასხვა ფორმების ეპიდემიოლოგია და ნაწლავური ინფექციების გადადების გზები ვარიაბელურია პათოგენური ქვეტიპების მიხედვით. როგორც სხვა ნაწლავური პათოგენების შემთხვევაში, ამ ინფექციის კუთხით არ აქვს მნიშვნელობა პაციენტის ასაკს, რასას და სქესს. ხანდაზმული ადამიანები, ჩვილები და იმუნოკომპრომისული ადამიანები უფრო მგრძნობიარენი არიან ინფექციის, გახანგრძლივებული ინფექციური პროცესისა და მეორადი გართულებების მიმართ. დიარეული ბაქტერიული დაავადებების დიაგნოსტიკისა და ანგარიშგების განსხვავებების გამო (გეოგრაფიული და ეკონომიკური განსხვავებების გათვალისწინებით)  E coli-ის სხვადასხვა ფორმების მიერ გამოწვეული ნაწლავური ინფექციების ზუსტი ინციდენტობის განსაზღვრა რთულია.[5]

ენტეროპათოგენური E coli (EPEC) ჩვილ ბავშვთა დიარეის ხშირი მიზეზია[6]​დაფიქსირდა აფეთქებები ბავშვთა მოვლის ცენტრებში.[7]

ენტეროტოქსიგენური E coli (ETEC) საზოგადოებაში შეძენილი დიარეის (შემთხვევების დაახლოებით 14%) და მოგზაურთა დიარეის (შემთხვევების დაახლოებით 30%) წამყვანი მიზეზია. ​[8] დაავადებათა გლობალური დატვირთვის კვლევით გამოვლინდა, რომ 2016 წელს, ენტეროჰემორაგიული Escherichia coli წარმოადგენდა დიარეით გამოწვეული სიკვდილობის მე-8 ყველაზე ხშირ მიზეზს ყველა ასაკობრივ ჯგუფში, 51,186 გარდაცვალების შემთხვევით (დიარეით გამოწვეული სიკვდილის საერთო შემთხვევათ დაახლოებით 3.2%).[9]

ენტეროაგრეგაციული E coli (EAEC) სიხშირით მეორე ადგილზეა მოგზაურთა დიარეის შემთხვევებში ლათინურ ამერიკაში.[8] როგორც ენტეროპათოგენური, ასევე ენტეროაგრეგატული E coli უფრო ხშირია განვითარებად ქვეყნებში. ენტეროპათოგენური შტამი ხსენებულ რეგიონებში პედიატრიული დიარეული ავადმყოფობების 5%-20%-ს შეადგენს.[10]

ენტეროინვაზიური E coli (EIEC) ნაკლებად ხშირია სხვა ფორმებთან შედარებით. ამ ჯგუფის E coli წააგავს შიგელას.

ენტროჰემორაგიული  E coli (EHEC), რომელსაც ასევე მოიხსენიებენ, როგორც შიგა ტოქსინ-მაპროდუცირებელ E coli (STEC), ყოველწლიურად 265000-ზე მეტ ინფექციას იწვევს აშშ-ში.[11]​ ეს ინფექციები , ჩვეულებრივ, კლასიფიცირდება როგორც O157 და არა-O157. E coliO157 იწვევს ენტეროჰემორაგიული ინფექციის შემთხვევათა დაახლოებით 36%-ს.[12] ენტეროჰემორაგიული Escherichia coli-ს ინციდენტობა, სავარაუდოდ, არასაკმარისად არის შეფასებული, ვინაიდან ყველა პაციენტი არ მიმართავს სამედიცინო დახმარებას, განავლის სინჯებზე იშვიათად ტარდება ტესტები და, ამასთან, არა-O157 ენტეროჰემორაგიულ Escherichia coli-ზე ტესტირების შესაძლებლობა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ლაბორატორებს გააჩნიათ. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ STEC, Yersinia, Vibrio და Cyclospora ინფექციების შემთხვევები უფრო მაღალი იყო 2022 წელს, ვიდრე 2016 წლიდან 2018 წლამდე. Campylobacter-ის, Salmonella-ს, Shigella-ს და Listeria-ის ინფექციების სიხშირე მსგავსი იყო დროის ამ პერიოდისთვის.[13]

აშშ-ში E coli O157:H7 ყოველწლიურად იწვევს 73 000 შემთხვევას.[14] პერიოდული ფართომასშტაბიანი ეპიდაფეთქებები იწვევს ინციდენტობის მნიშვნელოვან ცვალებადობას.[14][15]​ ეპიდაფეთქებების უმეტესობა დაკავშირებულია არასაკმარისად მოხარშული ხორცის მოხმარებასთან. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ინგლისსა და უელსში STEC-ის 402 შემთხვევა დაფიქსირდა.[16]​E coli-ის ეპიდაფეთქებების  რიცხვი , რომელიც დაფიქსირდა CDC-სთვის, შემცირდა 2005 წელს პიკის მიღწევის შემდეგ.[14][15]​ 2018 წელს აშშ-ში დაფიქსირდა E coli O157:H7-ის ყველაზე დიდი აფეთქება უკანასკნელი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რომლის წყაროც იყო რომაული სალათა იუმას რეგიონიდან.[15] სულ დაინფიცირდა 210 ადამიანი 36 შტატიდან და დაფიქსირდა ხუთი გარდაცვალება.[15]

​დიფუზურად ადჰეზიური E coli (DAEC)-ის შტამი ინფექციური დიარეის ნაკლებად გამომწვევი მიზეზია და უფრო ხშირად ასოცირდება ბავშვებთან და ჩრდილოეთ აფრიკაში, მექსიკაში ან სამხრეთ ამერიკაში მოგზაურ ადამიანებთან. კვლევების მიხედვით, შტამი განაპირობებს მოგზაურის დიარეის შემთხვევათა 8%-14%-ს.[17]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას