ახალი ტიპის მკურნალობა
ლეფამულინი
ლემაფულინი მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ახალ კლასს, რომელსაც პლევრომუტილინების კლასი ეწოდება. ანტიბიოტიკების აღნიშნული კლასი იწვევს 50S რიბოსომული ქვეერთეულის ინჰიბირებას პეპტიდილ ტრასნფერაზას ცენტრთან და გამოხატავს აქტივობას იმ პათოგენების მიმართ, რომლებიც განაპირობებენ საზოგადოებაში შეძენილი ბაქტერიული პნევმონიის ტიპურ და ატიპურ ფორმებს. მე-3 ფაზის ორი კლინიკური კვლევის მიხედვით, ხსენებული ანტიბიოტიკი არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე მოქსიფლოქსაცინი საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მკურნალობის კუთხით. ერთი კვლევა მოიცავდა როგორც ინტრავენურ, ასევე პერორალურ მკურნალობას პაციენტებში, რომელთა პნევმონიის სიმძიმის ინდექსის (PSI) კლასი აღემატებოდა III-ს (ძირითადად კლასები III და IV).[53] მეორე კვლევაში კი გამოიყენებოდა პერორალური თერაპია PSI-ის II-IV კლასში შემავალ პაციენტებში.[54] ლეფამულინი დამტკიცებულია აშშ-სა და ევროპაში გამოსაყენებლად; თუმცა, ის ჯერ კიდევ არ არის შეტანილი საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მკურნალობის გაიდლაინებში.
დელაფლოქსაცინი
ფტორქინოლონური ჯგუფის ანტიბიოტიკები დამტკიცებულია აშშ-ს სურსათისა და წამლების სააგენტოს და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მქონე მოზრდილების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია მგრძნობიარე ბაქტერიებით. ის ფარავს Legionella pneumophila, Chlamydia pneumoniae და Mycoplasma pneumoniae-ს, ყველაზე გავრცელებულ ატიპურ მიკროორგანიზმებს, რომლებიც იწვევს საზოგადოებაში შეძენილ პნევმონიას. დამტკიცება ეფუძნება III ფაზის კვლევების შედეგებს, რომლითაც დადგინდა, რომ ის იყო მოქსიფლოქსაცინზე არანაკლებ ეფექტური.[55]
ომადაციკლინი
ახალი, მოდერნიზებული, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკი (ამინომეთილციკლინი) მოქმედების ფართო სპექტრით, შექმნილი ტეტრაციკლინების მიმართ რეზისტენტობის დასაძლევად. ის ფარავს Legionella pneumophila, Chlamydia pneumoniae და Mycoplasma pneumoniae-ს, ყველაზე გავრცელებულ ატიპურ მიკროორგანიზმებს, რომლებიც იწვევს საზოგადოებაში შეძენილ პნევმონიას. ის ხელმისაწვდომია პერორალური და ინტრავენური ფორმით. ტეტრაციკლინის რიგის სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, ომადაციკლინმა შეიძლება გამოიწვიოს სარძევე კბილების ფერის ცვლილება, ხოლო ორსულობის დროს მისი მიღებისას ის აინჰიბირებს ნაყოფის ძვლების ზრდას. დაფიქსირდა, რომ იგი არის მოქსიფლოქსაცინზე არანაკლებ ეფექტური მოზრდილებში, საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიით.[56] ომადაციკლინი დამტკიცებულია სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ ზრდასრულებში საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის სამკურნალოდ; თუმცა, ეს აგენტი ევროპაში ხელმისაწვდომი არ არის.
ნემონოქსაცინი
ნემონოქსაცინი არის ორალური, არაფტორირებული ქინოლონური ანტიბიოტიკი, რომელიც არის კლინიკური შემუშავების პროცესში საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის და სხვა არარესპირაციული ინფექციებისთვის. მან უკვე მიიღო ავტორიზაცია აზიის ზოგიერთ რეგიონში საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის სამკურნალოდ.[57] ნემონოქსაცინს აქვს აქტივობა Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis, M pneumoniae, Chlamydia pneumoniae და Legionella pneumophila ორგანიზმების მიმართ ინ ვიტრო.[57] მე-3 ფაზის რანდომიზებულმა კონტროლირებულმა კვლევამ მოზრდილებში საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის შესახებ აჩვენა, რომ ნემონოქსაცინი ისეთივე ეფექტურია, როგორც ლევოფლოქსაცინი, უსაფრთხოების მსგავსი პროფილით.[57] ნემონოქსაცინი ჯერ არ არის დამტკიცებული აშშ-ში ან ევროპაში გამოსაყენებლად.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას