ეტიოლოგია
ავარიის და გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსულ პაციენტებში ტვინის მსუბუქი ტრავმის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:[17]
დაცემა (48%)
შემთხვევით საგნის მოხვედრა ან დაჯახება (17%)
ავტოავარიასთან დაკავშირებული დაზიანება (13%).
ტვინის მსუბუქი ტრავმული დაზიანების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი დაცემაა, ძირითადად ხდება მცირეწლოვან და ხანდაზმულ ასაკობრივ ჯგუფში.[17] დაცემა თავის ტვინის ტრავმით სიკვდილობის მეორე ყველაზე ხშირი მიზეზია.[2] მაღალი შემოსავლების ქვეყნებში თავის ტვინის ნებისმიერი ტიპის ტრავმული დაზიანების სპეციფიკურ გამომწვევ მიზეზზე მეტად, ხანდაზმული ასაკი ცუდი გამოსავლის ყველაზე ძლიერი პროგნოზული ფაქტორია.[38]
თავის ტვინის ტრავმის მეორე წამყვანი მიზეზია შემთხვევითი დარტყმა. მასთან დაკავშირებული სიკვდილობა ყველაზე დაბალია ტვინის ტრავმული დაზიანების გამომწვევ მიზეზებს შორის.[17][2] აღნიშნული მოიცავს ისეთ დაზიანებას, რომელიც განპირობებულია ადამიანის, ცხოველის ან უსულო ობიექტის ან ძალის მიერ (სატრანსპორტო საშუალების გარდა). შესაბამისად მოიცავს დაზიანებებს, რომლებიც კონტაქტური სპორტის ან მაღალი რისკის მქონე რეკრეაციული ქმედებების შედეგია.
თვითმკვლელობა ასოცირდება თავის ტვინის ტრავმასთან დაკავშირებული სიკვდილობის ყველაზე მაღალ მაჩვენებელთან.[2] აშშ-ში სუიციდი შეადგენს თავის ტვინის ტრავმით გამოწვეული სიკვდილობის 35,5%-ს; ასაკთან დაკორექტირებული საშუალო წლიური მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 75 წლის და მასზე უფროსი ასაკის ხანდაზმულებში (100000 მოსახლეზე -12,2).[2]
ტვინის შერყევა
გულისხმობს ზემოქმედებას, რაც ნეირონული მემბრანის დონეზე იწვევს მიკროსკოპულ დაზიანებას, რის შემდეგაც იწყება ნეიროჰორმონული და ნეიროამგზნები პროცესების კასკადი, რაც, თავის მხრივ, ვლინდება კოგნიტური, სომატური და/ან აფექტური სიმპტომებით. ეს მიკროსკოპული დაზიანებები სტანდარტულ კომპიუტერულ-ტომოგრაფიაზე (CT) არ არის თვალსაჩინო. შესაბამისად: თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს; ტვინის შერყევის მქონე პაციენტებს ხშირად არ ესაჭიროებათ ნევროლოგიური შემდგომი მეთვალყურეობა.
თავის ტვინის შერყევა სავარაუდოდ, ვლინდება ტვინის დაზიანების მქონე პაციენტების უმრავლეს ნაწილში, მაგრამ ხანდაზმულ პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ ინტრაკრანიული დაზიანება, ტვინის შერყევისთვის დამახასიათებელი საწყისი სიმპტომების გარეშე.[39] თავის ტვნის შერყევის მქონე პაციენტები ხშირად უჩივიან თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, კონცენტრირების გაძნელებას და კონფუზიას.[40]
შერყევის ხუთი ძირითადი ქვეტიპია: თავის ტკივილი, კოგნიტური, ვესტიბულური, განწყობის და ოკულომოტორული სიმპტომები. ერთმა მეტაანალიზმა აჩვენა, რომ თავის ტკივილი და კოგნიტური სიმპტომები ყველაზე ხშირი ქვეტიპია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.[22]
ჰემორაგია
სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა (SAH) გამოწვეულია თავის ტვინის რბილი გარსის სისხლძარღვების გაგლეჯით. მძიმე ფორმის შემთხვევაში სისხლდენა შესაძლოა გავრცელდეს პარკუჭებში და გამოიწვიოს ინტრავენტრიკულური ჰემორაგია. ტვინის ტრავმული დაზიანების საშუალო ან მძიმე ფორმის მქონე პაციენტში სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევას აქვს უფრო ცუდი გამოსავალი, თუმცა არ არის დადგენილი სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა დაზინების სიმძიმის მარტივი მარკერია, თუ აღნიშნული ცუდი გამოსავალი განპირობებულია შემდგომი ვაზოსპაზმით.[41]
სუბდურული ჰემატომა (SDH) ყველაზე ხშირად ვითარდება იმ შემაერთებელი ვენების გაგლეჯის შედეგად, რომლებიც მიემართება თავის ტვინის მაგარი გარსის ვენურ სინუსებისკენ. სუბდურული ჰემატომა ძირითადად ვითარდება ავტოავარიის (ახალგაზრდა მოზრდილებში) ან დაცემის შედეგად.[7][30][31] ფონური ცერებრული ატროფიის ან კოაგულოპათიების მქონე პირებს აქვთ სუბდურული ჰემატომის გაზრდილი რისკი.
ეპიდურული ჰემატომა არის თავის ქალასა და თავის ტვინის მაგარ გარს შორის სისხლის დაგროვება, რაც ძირითადად გამოწვეულია თავის ქალაზე პირდაპირი ძალით მოქმედებით, რომელიც განპირობებულია ავარიის შედეგად დაზიანებით, დაცემით ან ძალადობით. კლასიკურად, თავის მხარეს დაცემა იწვევს საფეთქლის ძვლის მოტეხილობას და მასთან დაკავშირებული შუა მენინგეალური არტერიის გახლეჩასა და შემდგომ ჰემატომის ფორმირებას.
ინტრაცერებრული ჰემატომა ფიქრობენ რომ გამოწვეულია პარენქიმული სისხლძარღვების გახლეჩვით ან ცერებრული კონტუზიის გაერთიანებით.
თავის ტვინის კონტუზია
ტვინის შერყევა გამოწვეულია პირდაპირი ტრავმით ან აჩქარებული-შენელებული დაზიანებითაა განპირობებული, რაც იწვევს ტვინის ზემოქმედებას თავის ქალას შუბლის ან საფეთქლის წილებზე, შედეგად კი ვითარდება წერტილოვანი ჰემორაგია და შეშუპება. მიუხედავად იმისა, რომ საწყის კომპიუტერულ ტომოგრამაზე უმნიშვნელოდ ჩანს, კონტუზია კლინიკურად მნიშვნელოვანია, რადგან უფრო სავარაუდოა, რომ თანდათან გაუარესდეს სხვა ინტრაკრანიალურ დაზიანებებთან შედარებით. კვლევებმა აჩვენა, რომ თავის ტვინის ტრავმის სიმძიმის მიხედვით, ცერებრული კონტუზიის ნახევარზე მეტი პროგრესირებს მასთან დაკავშირებულ შეშუპებასთან ერთად ან ტრანსფორმირდება ცერებრულ სისხლდენად, რაც იწვევს მნიშვნელოვან ავადობას და სიკვდილობას.[42][43]
დიფუზური აქსონური დაზიანება
დიფუზური აქსონური დაზიანება განპირობებულია სწრაფი ბრუნვის ან დეკლარაციის ძალით, რაც იწვევს ნეირონების გაჭიმვას და გახლეჩვას, ამას კი მოჰყვება ჰემორაგიისა და შეშუპების ფოკალური ადგილები.
მსუბუქი ფორმის აქსონური დაზიანება ძირითადად, მიკროსკოპულია. უფრო მძიმე ფორმის დაზიანების დროს, CT სკანირებით შესაძლოა გამოვლინდეს ნორმალური სურათი ან აჩვენოს მცირე პეტექიური ჰემორაგია და შეშუპება, რომელიც ლოკალიზებულია რუხი-თეთრი ნივთიერებების შეერთების ადგილზე (I ხარისხი), ისევე როგორც კორძიან სხეულში (II ხარისხი) და ტვინის ღეროში (III ხარისხი); ხარისხი კარგად შეესაბამება ტრავმის სიმძიმესა და შესაძლო გამოსავლებს.
მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ნაჩვენებია, როცა კლინიკური ნიშნების არსებობა ვერ აიხსნება კომპიუტერული ტომოგრაფიით. მძიმე ფორმის დიფუზურმა აქსონურმა დაზიანებამ (DAI) შესაძლოა გამოიწვიოს ცნობიერების მყისიერი დაკარგვა და განაპირობოს პერსისტენტული ვეგეტატიური მდგომარეობა.[34]
თავის ქალის მოტეხილობები
თავის ქალას მოტეხილობები გამოწვეულია პირდაპირი ზემოქმედებით და შესაძლოა იყოს ხაზოვანი ან ნატეხისებრი. მოტეხილობა შესაძლოა იყოს კრანიულ თაღზე ან ქალას ფუძეზე და შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა ხარისხის შეჭეჭყვა. მოტეხილობები შესაძლოა იყოს დახურული ან ღია, კავშირი იყოს გარედან ჭრილობების, სინუსების, სმენის არხის ან პირ-ხახის მეშვეობით. ქალას მოტეხილობების მდებარეობა გავლენას ახდენს მიმდებარე ანატომიური სტრუქტურებზე შემდეგნაირად:
საფეთქლის ძვლის მოტეხილობები, რომლებიც კვეთს მენინგეურ არტერიას, დაკავშირებულია ეპიდურულ ჰემატომასთან; მათ, რომლებიც კვეთს ტვინის მაგარი გარსის სინუსებს, შეუძლია გამოიწვიოს სუბდურული მნიშვნელოვანი ჰემორაგიისა და ჰემატომის ფორმირება. მოტეხილობამ, რომელიც კვეთს მაგარი გარსის სინუსს, ასევე შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის ვენური სინუსის თრომბოზი.
ქალა-ფუძის ძვლები შედარებით სქელია; შესაბამისად ქალა-ფუძის მოტეხილობა გულისხმობს დაზიანების სერიოზულ მექანიზს, მაღალი რისკის ინტრაცერებრული დაზიანებით.
იმის გამო,რომ თავის ტვინის მაგარი გარსი ეკვრის ქალას ფუძეს, ქალა-ფუძის მოტეხილობა ხშირად დაკავშირებულია თავის ტვინის მაგარი გარსის გახლეჩასა და ცერებროსპინური სითხის გამოჟონვასთან.
მოტეხილობებს, რომლის დროსაც ჩართულია საძილეს არხი, შესაძლოა გამოიწვიოს საძილე არტერიის აშრევება.
ქალა-ფუძის მოტეხილობამ, რომელიც ფართოვდება საფეთქლის ძვლის კლდოვან ნაწილამდე, შესაძლოა დააზიანოს კრანიული ნერვები VII და VIII.
გამჭოლი დაზიანებები
გამჭოლი დაზიანებები შეიძლება იყოს მაღალ ან დაბალსიჩქარიანი . მაღალსიჩქარინმა სასროლმა, როგორიცაა ტყვიები, შეიძლება გამოიწვიოს ქალას მოტეხილობები, პარენქიმული გაგლეჯა, კონტუზია, აქსონური აშრევება და ჰემატომის ფორმირება. დაბალსიჩქარიანმა ჭრილობებმა, როგორიცაა დანით მიყენებული ჭრილობები, შესაძლოა გახვრიტოს ქალას შედარებით თხელი ძვლები, მათ შორის თვალბუდის კედელი და საფეთქლის ძვლის ნაწილი.
პარენქიმის დაზიანება მეტწილად მიეწერება დაბალსიჩქარიან ჭრილობებს, მაგრამ მაღალმა სიჩქარიანმა სასროლმაც შესაძლოა გამოიწვიოს თანმხლები დაზიანება, რომელიც შემოფარგლავს სტრუქტურებს.
აფეთქებით გამოწვეული დაზიანებები
აფეთქებით გამოწვეული დაზიანებები იწვევს კომპლექსური დაზიანებისთვის დამახასიათებელ სურათს. ფიქრობენ, რომ აფეთქების საწყისი ტალღა იწვევს შერყევის ძალას, რომელიც განაპირობებს აქსონურ დაზიანებას, სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევასა და კონტუზიას. მფრინავი ნამსხვრევების აფეთქების მეორეულ ეფექტს შეუძლია გამოიწვიოს გამჭოლი დაზიანებები და მესამეული ეფფექტი არის აჩქარებითი-შენელებითი გავლენის დაზიანებები, რომლებიც ნანახია აფეთქების ტალღის ჩავლის შემდეგ.
აფეთქებით გამოწვეული ტვინის ტრავმული დაზიანება ყველაზე ხშირად გამოხატულია დიფუზური აქსონური დაზიანების, კონტუზიისა და სუბდურული ჰემორაგიის სახით.[44] აფეთქებით გამოწვეული თავის ტვინის ტრავმის საშუალოდან მძიმე ფორმის მქონე პაციენტების დიაგნოსტიკა აშკარაა გლაზგოს კომის სკალის (GCS) შემცირებული ქულის გამო. გლაზგოს კომის სკალის ნორმალური ან თითქმის ნორმალური ქულების მქონე პაციენტებში თავის ტვინის ტრავმის მსუბუქი ფორმა შესაძლოა ვერ დიაგნოსტირდეს, სხვა დაზიანებებით შენიღბვის გამო.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას