მიდგომა

კლინიცისტის მიზანია მთავარი მიზეზის ამოცნობა და მკურნალობა. ახალგაზრდა პაციენტებში დაზიანებები ხშირად სპონტანურად, 1-2 თვეში ლაგდება.[22][3]

მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის სიმპტომები

თუ პაციენტს აწუხებს ცხელება და ძლიერი ართრალგია, სიმპტომების კონტროლი შესაძლებელია წოლითი რეჟიმით, კიდურის აწევით და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით. ღრმა ვენების თრომბოზის რისკი შეიძლება შევაფასოთ საჭიროებისამებრ; შესაძლებელია კომპრესიული წინდების გამოყენება.

მძიმე და განმეორებითი სიმპტომები

უფრო მძიმე შემთხვევებში წარმატებით გამოიყენება კალიუმის იოდიდი. კალიუმის იოდიდის მოქმედების მექანიზმი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ დაკავშირებულია ნეიტროფილების ქემოტაქსისთან ან ნეიტროფილების ქემოტოქსიკურობასთან.[23]

პერსისტენტული, მტკივნეული დაზიანებების შემთხვევაში შეიძლება სასარგებლო იყოს კორტიკოსტეროიდების დაზიანებისშიდა ინექციები, თუმცა ეს პროცედურა საკმაოდ არაკომფორტულია.

სისტემური კორტიკოსტეროიდები შეიძლება საჭირო გახდეს თუ სიმპტომები მძიმეა ან პაციენტი არ პასუხობს მკურნალობაზე, თუმცა ფონური მიზეზის დადგენამდე სასურველია მათი გამოყენებისგან თავი შევიკავოთ, ხოლო დანიშვნის შემთხვევაში გამოიყენება თანდათან მომატებული დოზა, რამდენიმე კვირის განმავლობაში. გახანგრძლივებული თერაპიის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ტუბერკულოზის და სოკოვანი ინფექციების რეაქტივაციის რისკი. სეფსისი შეიძლება განვითარდეს თუ ფონური ბაქტერიული ინფექცია შეუმჩნეველი დარჩება.[24][25][26]

ფონური დაავადებების მკურნალობა

35 ან მეტი წლის ასაკის პაციენტებში კვანძოვანი ერითემა შეიძლება იყოს ქრონიკული ფორმის და გამომწვევი ფონური დაავადება უფრო მძიმეა, მაგ. რევმატოიდული ართრიტი ან წყლულოვანი კოლიტი.[1][2]

თუ პაციენტს აქვს ტუბერკულოზი, ბრუცელოზი ან სხვა ინფექცია, საჭიროა შესაბამისი მკურნალობა.

თუ პაციენტს აქვს სარკოიდოზი და განუვითარდა კვანძოვანი ერითემა, პროგნოზი კარგია და,როგორც წესი, კორტიკოსტეროიდები საჭირო არ არის; თუმცა, საჭიროა ხშირი დაკვირვება დაავადების მიმდინარეობის შესაფასებლად.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას