ურგენტული საკითხები

იხ. დიფერენციული დიაგნოზები დამატებითი დეტალებისთვის

სწრაფად მზარდი წარმონაქმნი კისერში

კისრის წარმონაქმნების სწრაფი გადიდება შესაძლოა გამოვლინდეს სასუნთქი გზების ობსტრუქციით, რაც იწვევს სტრიდორს. ეს არის გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა, რაც საჭიროებს ურგენტულ ინტერვენციას. პაციენტს ასევე შეიძლება ჰქონდეს დისფონია და დისფაგია. კისრის წარმონაქმნების სწრაფი გადიდება და სახმო იოგების დამბლა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი მდგომარეობის გამაფრთხილებელი ნიშანია. ფარისებრი ჯირკვლის ანაპლასტიური კიბო და პირველადი თირეოიდული ლიმფომა (როგორც წესი, B უჯრედული) გასათვალისწინებელია კისრის სწრაფადმზარდი წარმონაქმნების დიფერენციულ დიაგნოსტიკაში.[2]

ფარისებრი ჯირკვლის ადენომისა და ჰიპერპლაზიური კვანძების უეცარმა გადიდებამ შეიძლება ასევე კვანძში სისხლდენა გამოიწვიოს. აღნიშნული, კვანძის გადიდების გამო, ხშირად იწვევს მწვავე ტკივილს; თუმცა ზეწოლის ხარისხი, როგორც წესი, არ არის ისეთი მძიმე, როგორიც ვითარდება აგრესიული ავთვისებიანი მდგომარეობების შედეგად.

კისრის არეში შემთხვევით აღმოჩენილი წარმონაქმნები

გასინჯვისას ან რადიოლოგიური კვლევისას შემთხვევით აღმოჩენილი წარმონაქმნები საჭიროებს შემდგომ კვლევას ულტრაბგერით და ასპირაციული ბიოფსიით რადიოლოგიური მახასიათებლების მიხედვით.[33][34]​​[35]​ ფარისებრი ჯირკვლის კვანძები, რომელიც PET სკანირების დროს მეტაბოლურად აქტიურია (მაგ., გამოხატული კეროვანი შთანთქმა ფარისებრ ჯირკვალში), ავთვისებიანი მდგომარეობების გამოსარიცხად ასევე საჭიროებს წვრილნემსიან ასპირაციულ ბიოფსიას.[36]​ PET კვლევისას ფარისებრი ჯირკვლის მიერ დიფუზური შთანთქმა უფრო სავარაუდოა ჰაშიმოტოს თირეოდიტით იყოს გამოწვეული და ჰქონდეს ავთვისებიანობის დაბალი რისკი.[23]​​[36]

კისრის პალპირებადი წარმონაქმნი მომატებული კალციუმითა და პარაფარისებრი ჰორმონით

პარათეიროიდული კარცინომა ვლინდება ფარისებრახლო ჯირკვლების დარღვევების მქონე პაციენტთა 1%-ზე ნაკლებში.[31] კეთილთვისებიანი პირველადი ჰიპერპარათირეოზის მქონე პაციენტებთან შედარებით, პარათირეოიდული კარცინომა შეიძლება გამოვლინდეს უფრო ახალგაზრდა ასაკში, უფრო მკვეთრად მომატებული პარათჰორმონის და კალციუმის დონით და კისრის პალპირებადი წარმონაქმნის არსებობით (შემთხვევათა 75%-მდე); კეთილთვისებიანი ჰიპერპარათირეოზის დროს კისრის პალპირებადი წარმონაქმნი იშვიათი ნიშანია.[31]​​ პარათირეოიდული კარცინომის მქონე პაციენტთა 10-30%-ს მომართვისას ექნება მეტასტაზური დაავადება, ყველაზე ხშირად ფილტვებში, ძვლებსა ან ღვიძლში.[31]

ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული კიბო

ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული კიბოს (ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კიბო და მისი ვარიანტები, ასევე ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური კიბო) დადასტურებული ან საეჭვო შემთხვევები საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას.[2]​ პრეოპერაციული რისკის სტრატიფიკაციისთვის, მკურნალობის ვარიანტების დასადგენად საჭიროა პაციენტის მდგომარეობის და სიმსივნის კლინიკურ-პათოლოგიური შეფასება.[1][2][18]​ ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული კიბოს მქონე ბავშვებისთვის არსებობს სპეციფიკური მართვის გაიდლაინები.[37]

ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბო

ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბოს დადასტურებული ან საეჭვო შემთხვევები საჭიროებს მულტიდისციპლინარულ კონსულტაციას, მათ შორის ქირურგიულ და ენდოკრინოლოგიურ გამოკვლევას.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას