ურგენტული საკითხები

იხ. დიფერენციული დიაგნოზები დამატებითი დეტალებისთვის

იშემიური ინსულტი

ნათხემის ინფარქტს თანხმლები შეშუპების გამო შეუძლია რამდენიმე დღის განმავლობაში ქალასშიდა წნევის მომატება. საჭიროა პაციენტების საგულდაგულო მონიტორინგი მომატებული ლეთარგიის და ტვინის ღეროს კომპრესიის ნიშნების გამო, სასურველია, ინტენსიური თერაპიის პალატაში. დროდადრო ვენტრიკულური დრენაჟი ან უკანა ფოსოს ურგენტული დეკომპრესია შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის აუცილებელი.

გარდა ამისა, ნათხემის ან ტვინის ღეროს ინსულტმა, რომელიც თავიდან ატაქსიით ვლინდება, შეიძლება გამოიწვიოს ინსულტის გავრცელებასთან დაკავშირებული დამატებითი და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში პრობლემები. ამ ფაქტორების გათვალისწინება გონივრულ მონიტორინგთან  და ანტიკოაგულაციის, თრომბოლიზისის გამოყენებასთან ერთად მნიშვნელოვანია პაციენტის სიცოცხლისთვის.[107] ზოგიერთ პაციენტს უკანა მიმოქცევის ინსულტით შეიძლება აღენიშნებოდეს არასპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, რაც განურჩეველია უფრო გავრცელებული ვესტიბულური პათოლოგიებისგან. ატაქსიის დიფერენცირება ვესტიბულური პრობლემებისგან შეიძლება ვერტიგოსა და ოსცილოფსიის არსებობის საფუძველზე. სმენის დაკარგვა და ტინიტუსი ხშირად დაკავშირებულია მე-8 კრანიალური ნერვის ან ვესტიბულური აპარატის დაზიანებასთან.

მიმართულება-ცვალებადი ნისტაგმი და მცირე სიელმე, რომელიც ვლინდება "cover" ტესტით, შეიძლება წარმოადგენდეს ტვინის ღეროს ინფარქტის და არა ვესტიბულური აპარატის დაზიანების კლინიკურ ნიშანს.

მრტ კვლევამ დიფუზურ-შეწონილი თანმიმდევრობით შეიძლება გამოავლინოს მცირე ზომის მწვავე იშემიური კერები, ამიტო მისი ჩატარება ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია.

სისხლჩაქცევა ნათხემის არეში

შეუძლია გამოიწვიოს უკანა ფოსოს ჰიპერტენზია ზედა ტრანსტენტორიული და ქვედა ტონზილარული ჰერნიაციით. ეს სიცოცხლისთვის საშიში პროცესია და შეიძლება საჭირო გახდეს ვენტრიკულოსტომია და სასწრაფო დეკომპრესია.

მწვავე ცერებელიტი

ბავშვებს, რომლებსაც გამოუვლინდათ ედემა ან ჩამოუყალიბდათ ლეთარგიის კლინიკა, სჭირდებათ ICU მონიტორინგი. ასევე შეიძლება დასჭირდეთ ვენტრიკულოსტომია და უკანა ფოსოს დეკომპრესია.

მილერ-ფიშერის სინდრომი

ეს არის გიენ-ბარეს სინდრომის ვარიანტი და შეუძლია დააზიანოს საყლაპავი, სასუნთქი და კიდურების კუნთები. ამ პაციენტებს სჭირდებათ რესპირატორული ფუნქციის მჭიდრო მონიტორინგი. შეიძლება მითითებული იყოს ინტენსიურ განყოფილებაში პროფილაქტიკური განთავსება და გეგმიური ინტუბაციაც კი. გიენ-ბარეს სინდრომი ასევე დაკავშირებულია ვეგეტატიურ დისფუნქციასთან, როგორიცაა არითმია და საჭიროა გულის ტელემეტრია.

ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომი

როგორც წესი, ის გვხვდება ალკოჰოლზე დამოკიდებულების ანამნეზის მქონე ადამიანებში, რომელთაც აღენიშნებათ კვების დეფიციტი, თუმცა ამის მიზეზი შეიძლება იყოს სხვა დაავადებებიც, მაგალითად, კუჭის პათოლოგიები, რომლებიც ასევე იწვევენ კვებით დარღვევებს. პაციენტებს აღენიშნებათ დაბნეულობის და ამნეზიური მოვლენების უეცარი დასაწყისი (ახალი მოგონებების ჩამოყალიბების დარღვევა, ხშირად დაკავშირებული კონფაბულაციასთან), ნისტაგმი, ოკულომოტორული დამბლა და ატაქსია. ასეთი შემთხვევები მყისიერად უნდა დადგინდეს და დაინიშნოს მკურნალობა პარენტერალურად B1 ვიტამინის მაღალი დოზებით დამატებით კვების მოწესრიგებასთან ერთად.

მწვავე ინტოქსიკაცია

ნათხემის მიმართ ტოქსიკურ არაერთ მედიკამენტს, ისევე, როგორც ალკოჰოლურ თრობას,  შეუძლია მწვავე ატაქსიის გამოწვევა. მედიკამენტების მიღება და შრატში მათი დონის განსაზღვრა (თუ აქვს მიღებული) მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო მარკერია; მკურნალობა, როგორც წესი, მოიცავს ტოქსიკური ("დამნაშავე") მედიკამენტის მიღების შეწყვეტას.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას