ეტიოლოგია

ეოზინოფილია ხშირად განპირობებულია ალერგიული დაავადებებით, პარაზიტული ინფექციით, მედიკამენტური რეაქციით ან კანის დაავადებით. იშვიათ მიზეზებს მიეკუთვნება: ავთვისებიანი სიმსივნე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, მემკვიდრეობითი ეოზინოფილია და ციკლური ეოზინოფილია ანგიოედემასთან ერთად.[3][4]

პარაზიტებით ინფესტაცია

ეოზინოფილია შესაძლოა გამოიწვიოს პარაზიტებით ინფესტაციის დიდმა ნაწილმა, განსაკუთრებით, სტრონგილოიდოზმა, შისტოსომოზმა, ფილარიაზმა, ტრიქინელოზმა, ტოქსოპლაზმოზმა, ფასციოლოპსიდოზმა, კუნთების სარკოცისტოზმა, ცისტოიზოსპორა ბელის (ყოფილი იზოსპორა ბელის) ინფექციამ, ანიზაკიოზმა და ლოაოზმა.[5]

ალერგიული დაავადება

ალერგიული დაავადება, როგორიცაა ასთმა ან ალერგიული რინიტი, ჩვეულებრივ აშკარაა ანამნეზიდან.

მედიკამენტური რეაქციები

ეოზინოფილია შეიძლება გამოიწვიოს ბევრი მედიკამენტისადმი, მათ შორის, კარბამაზეპინის, ალოპურინოლის, სულფონამიდების, პენიცილინის, ფენიტოინის და ოქროს პრეპარატების მიმართ მომატებულმა მგრძნობელობამ.

კანის დაავადება

კანის შესაძლო დაავადებებია: პემფიგუსი, ბულოზური პემფიგოიდი და ორსულობის პემფიგოიდი.

იმუნოდეფიციტის სინდრომები

შესაძლო ეტიოლოგიებს მიეკუთვნება: ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომი, იობის სინდრომი, E ჰიპერიმუნოგლობულინემიის სინდრომი, ადენოზინდეამინაზას დეფიციტით განპირობებული მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი და ომენის სინდრომი.[6][7][8]

იმუნური დისრეგულაცია

შესაძლო ეტიოლოგიებია: IPEX სინდრომი (იმუნური დისრეგულაცია, პოლიენდოკრინოპათია, ენტეროპათია, X-ქრომოსომასთან შეჭიდული დამემკვიდრება); აუტოიმუნური ლიმფოპროლიფერაციული სინდრომი (ALPS); ლოიეს-დიცის სინდრომი; კომელ-ნეზერტონის სინდრომი და მძიმე დერმატიტი, მრავლობითი ალერგიები და მეტაბოლური შიმშილის სინდრომი (SAM).[8]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას