Videos

მუხლის ასპირაცია და ინექცია - ანიმაციური დემონსტრაცია

როგორ ხდება სინოვიალური სითხის ასპირაცია მუხლიდან და სახსარშიდა მედიკამენტების შეყვანა მედიალური მიდგომით

საჭირო ხელსაწყოები

მოამზადეთ სტერილური სივრცე, შეხების გარეშე მიდგომით. დაგჭირდებათ:

  • სტერილური ხელთათმანები

  • სტერილური ანტისეპტიკური ხსნარი კანისთვის (პოვიდონ-იოდი ან ქლორჰექსიდინი ყველაზე შესაფერისია)

  • ქირურგიული წკირები

  • სტერილური შპრიცები და ნემსები (კალიბრი: 21-იანი ან 23-იანი)

  • სტერილური ბოთლები ნიმუშებისთვის (თუ ასპირაცია დიაგნოსტიკური მიზნით კეთდება)

  • მედიკამენტი საინექციოდ (თუ ასპირაცია თერაპიულია)

  • წებოვანი (ადჰეზიური) სახვევი

  • ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება (საჭიროებისამებრ).

უკუჩვენებები

  • ჩანაცვლებული სახსარი, ხელოვნური სახსარი

  • ინფექცია: კანის მთლიანობის დაზიანება ინექციის ადგილას, კანის ლოკალური ინფექცია, ცელულიტი, სისტემური ინფექცია, ოსტეომიელიტი

    • თუ ეჭვია სეპტიკურ ართრიტზე, ასპირაცია ნაჩვენებია და ინექცია უკუნაჩვენებია

  • ჰემართროზი, ოსტეოქონდრული მოტეხილობა, სავარაუდო სახსარშიდა მოტეხილობა

    • სახსარშიდა მოტეხილობის დროს საჭირო იქნება რედუქცია და ოპერაციული ფიქსაცია სახსრის ფუნქციის შესანარჩუნებლად

  • პაციენტის უარი.

პათოლოგიური კოაგულაცია (მაგ. ჰემოფილია), ანტიკოაგულაცია ან თრომბოციტოპენია ითვლება შედარებით უკუჩვენებად: თეორიულად მომატებულია სახსარშიდა სისხლდენის რისკი. თუმცა, რამდენიმე კვლევით ნაჩვენებია, რომ სისხლდენა მნიშვნელოვნად არ იმატებს, თუ პაციენტის საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა თერაპიულ ფარგლებშია.[71] [72] თუ პაციენტი იღებს პირდაპირი მოქმედების პერორულ ანტიკოაგულანტს, მხრის ინექციის ან ასპირაციისგან თავი შეიკავეთ მედიკამენტის აქტივობის პიკის დროს.[73] პროცედურის ფარდობითი რისკები და სარგებელი უნდა განიხილოთ პაციენტთან.

ჩვენებები

მუხლის სახსრის დიაგნოსტიკური ასპირაციის ჩვენებები მოიცავს კლინიკურ ეჭვს ჩამოთვლილ დაავადებებზე:

  • სეპტიური ართრიტი

  • კრისტალური ართროპათია: პოდაგრა და ფსევდოპოდაგრა

  • სეროუარყოფითი ართროპათია (მაგ. რეაქტიული ართრიტი, გონოკოკური ართროპათია, მაანკილოზებელი სპონდილიტი)

  • მონოართროპათია ან სახსრის ეფუზია გაურკვეველი მიზეზით.

იშვიათად, მუხლის სახსრის ასპირაცია შეიძლება გაკეთდეს სიმპტომური შვებისათვის, დიდი ზომის, მტკივნეული ჰემართროზის ან დიდი, დაჭიმული გამონაჟონი დროს.

მუხლის სახსარში კორტიკოსტეროიდების ინექცია შეიძლება ჩატარდეს სიმპტომური შვებისთვის, ოსტეოართრიტის ან პოდაგრას შემთხვევაში.

სახსრის ასპირაციის გართულებები

  • ტკივილი: როგორც წესი, ხანმოკლეა; მედიკამენტის ინექციის შემდეგ ტკივილი თავდაპირველად შეიძლება გამწვავდეს რეაქტიული ართრალგიის გამო. ეს უნდა ალაგდეს 48 საათის განმავლობაში

  • ჰემორაგია

  • არ ხდება სინოვიური სითხის ასპირაცია

  • ინფექცია: ასეპტიკური მიდგომით ვამცირებთ ინფექციის შეტანის რისკს სტერილურ სახსარში; იმ შემთხვევაში, თუ ეჭვია ინფექციაზე, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი კვლევები და ორთოპედის ჩართულობა

  • რეკურენტუი გამონაჟონი

სახსრის ინექციის გართულებები

ასპირაციის გართულებების გარდა, კორტიკოსტეროიდის ინექციამ სახსარში შეიძლება გამოიწვიოს:[73]

  • ადგილობრივი ან სისტემური ჰიპერმგრძნობელობა საინექციო ნივთიერების მიმართ

  • სახის წამოწითლება: როგორც წესი, ინექციიდან 24-72 საათში. უფრო ხშირია ქალებში

  • სახსრის დესტრუქცია: სახსარში კორტიკოსტეროიდების შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ოსტეონეკროზი და სასახსრე ზედაპირების დესტრუქცია. აღნიშნული რისკი უნდა შევადაროთ ხანგამოშვებითი სიმპტომური შვების სარგებელს. ინექციები დიდ სახსრებში წელიწადში არაუმეტეს სამჯერ უნდა გაკეთდეს[74]

  • მყესის დაზიანება ან გაგლეჯა: დაკავშირებულია კორტიკოსტეროიდის შემთხვევით ინექციასთან მყესში. რისკი შეიძლება შევამციროთ ნემსის ამოღებით წინააღმდეგობის შეგრძნების შემთხვევაში ან ულტრაბგერის კონტროლით

  • სისხლში გლუკოზას მატება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში

  • ქსოვილის ატროფია და კანის დეპიგმენტაცია.

შემდგომი მოვლა

  • დიაგნოსტიკური ასპირაციის შემდეგ გააგზავნეთ სინოვიური სითხე ლაბორატორიაში ჩამოთვლილი კვლევებისთვის: ურგენტული მიკროსკოპია, უჯრედული ანალიზი, გრამის წესით შეღებვა, კულტივირება და კრისტალები (პოდაგრა და ფსევდოპოდაგრა)

  • თუ ასპირატი ჩირქოვანია ან არის კლინიკური ეჭვი სეპტიკურ ართრიტზე, საჭიროა დაუყოვნებლივი შეფასება ორთოპედის მიერ და შესაბამისი ჩარევა. ადგილობრივი პროტოკოლების მიხედვით, საჭიროა სისხლის კულტივირება და ინტრავენური ანტიბიოტიკები. რაც შეიძლება მალე უნდა გამოვრეცხოთ სახსარი საოპერაციო პირობებში

  • არასეპტიკური ასპირატებისთვის მართვის გეგმა ეფუძნება კლინიკურ ნიშნებს და სახსრის სითხის ანალიზის შედეგებს.